ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი მეოთხედ გათამაშდება!

ვიტალი დარასელიას სახელობის თასი ჭაბუკთა გუნდებს შორის ხვალიდან მეოთხედ გათამაშდება. 15-წლამდელთა ტურნირი დინამო თბილისის ინიციატივით ტარდება და 21 აპრილს დასრულდება.

დინამო თბილისი, ვულვერჰემპტონ უონდერერსი (ინგლისი), ემპოლი (იტალია) და ციურიხი (შვეიცარია) A ჯგუფში ითამაშებენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდი, კიევის დინამო (უკრაინა), როტერდამის ფეიენოორდი (ჰოლანდია) და ბრაგა (პორტუგალია) კი B ჯგუფში. ჯგუფური ეტაპის მატჩებს, ასევე ნახევარფინალურ შეხვედრებს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის აკადემია უმასპინძლებს, ფინალი კი, ტრადიციულად, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩატარდება.

სპეციალური ჟიური საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველს, თავდამსხმელს, ბომბარდირს, ულამაზესი გოლის ავტორს, რჩეულ მოთამაშეს და ტურნირის აღმოჩენას გამოავლენს, ასევე გაიცემა ერთი სპეციალური ჯილდო - მაყურებელთა სიმპათია.

„ზედიზედ მეოთხე წელია ჩვენი კლუბი ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებას მასპინძლობს. ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშების ინიციატორი კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფიაა და მსურს მადლობა გადავუხადო მას ასეთი შესანიშნავი წამოწყებისთვის. საორგანიზაციო კომიტეტი მზადაა და მჯერა, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში არაერთ კარგ შეხვედრას ვიხილავთ“, - განაცხადა აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ.

პირველი საშეჯიბრო დღე 12 საათზე დაიწყება ფეიენოორდის და კიევის დინამოს მატჩით, 14 საათზე ემპოლი და ვულვერჰემპტონ უონდერერსი ითამაშებენ, ხოლო 16 საათძე სფფ-ს აკადემიის გუნდი ბრაგას დაუპირისპირდება.

18 საათზე ტურნირი საზეიმოდ გაიხსნება, 20 საათზე კი დინამო თბილისი ციურიხს გაეჯიბრება.

2016 წელს დარასელიას თასი ალკმაარის აზ-მ (ჰოლანდია) მოიგო, 2017 წელს კიევის დინამომ (უკრაინა), ხოლო შარშან ბარსელონის ესპანიოლმა (ესპანეთი).