ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
სარბიელმა ჩაკვეტაძე სეზონის მოთამაშედ აღიარა!

სარბიელის ტრადიციული, მე-18 გამოკითხვის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ონლაინ-გამოცემამ კომპანია ლიდერბეთთან ერთად 2018-19 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ბელგიის გენტის ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე აღიარა.

ახლახანს დასრულებულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, რომლის სპონსორიც ლიდერბეთი გახლდათ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს ჯილდო მერგო. მადლობა ჟურნალისტებს ამ აღიარებისთვის. საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში და ვიმედოვნებ, ყველანი ერთად ავისრულებთ ოცნებას“, - განაცხადა სარბიელის პრიზის ლაურეატმა.

წლევანდელ გამოკითხვაში 79-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა და 67-მა პირველ ადგილზე ჩაკვეტაძე დაასახელა. მან 214 ქულა დააგროვა, მოსკოვის ლოკომოტივის მცველი, სარბიელის გამოკითხვის შარშანდელი გამარჯვებული საბა კვირკველია 85 ქულით მეორე იყო, ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა (ირტიში, ყაზახეთი) კი 63 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) და გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი).

„წლების წინ ჩემმა მეგობარმა თამაზ კოსტავამ ბავშვების საფეხბურთო ტურნირის ფინალზე მიმიპატიჟა, საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში დაგვეხმარეო. დაიწყო ფინალი და 20 წუთის შემდეგ თამაზს ვკითხე, ეს ბიჭი ვინ არის მეთქი? მიპასუხა, ჩაკვეტაძეო. საუკეთესო ეგაა, რად უნდა ამას ბევრი ფიქრი-მეთქი. ის პატარაობიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო, და მინდა ვუსურვო, რომ კარიერის დასრულებამდე სრულად მოახერხოს შესაძლებლობების რეალიზება“, - ასე გაიხსენა ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ გიორგი ჩაკვეტაძესთან პირველი შეხვედრა.

ჩივაძის გარდა წლის მოთამაშის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას მისი თანაგუნდელები ოთარ გაბელია, ვახტანგ ქორიძე, ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი, ვეტერანი სპორტული ჟურნალისტები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირიც დაესწრნენ.

სარბიელი საუკეთესო ფეხბურთელს 1992-93 წლების სეზონიდან ავლენს. პირველი ლაურეატი გიორგი ქინქლაძე გახლდათ.