ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
6:0 - რეკორდი და რეკორდის გამეორება

თბილისის დინამომ 2019-20 წლების ევროსეზონი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო - ფელის ვისენტეს გაწვრთნილმა კლუბმა გუშინ 6:0 გაანადგურა ანდორის ენგორდანი. ამ გამარჯვებით დინამომ საკლუბო რეკორდი დაამყარა და ქართული საკლუბო რეკორდიც გაიმეორა!

6-ბურთიანი უპირატესობით საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა პირველად მოიგო ოფიციალური მატჩში. საინტერესოა, რომ დინამომ ევროთასის შეხვედრაში მეორედ გაიტანა 6 გოლი: 2013 წლის 16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელებმა შინ 6:1 სძლიეს ფარერის კუნძულების ჩემპიონ ებ/სტრეიმურს.

რაც შეეხება ქართულ საკლუბო რეკორდს: გუშინდელი 6:0 ბათუმის დინამოს შედეგის გამეორებაა: 1996-97 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელებმა ამ ანგარიშით დაამარცხეს ფარერის კუნძულების კიდევ ერთი კლუბი ჰაფნარი.

ბათუმელებს ეკუთვნით ორმატჩიანი რეკორდიც. შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა იმავე ჰაფნარს გასვლაზე 3:0 მოუგო, ასე რომ, თუ დინამო ენგორდანს სტუმრად ასეთივე უპირატესობით დაამარცხებს, რეკორდის თანაავტორი გახდება, უფრო დიდი სხვაობით მოგების შემთხვევაში კი ახალ მიღწევას დააფიქსირებს.