ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ათლეტიზმის ისტორია

ათლეტიზმი და მასში შემავალი სპორტის სახეობები კულტურიზმი (Bodybuilding) და ძალისმიერი სამჭიდი (Powerlifting) საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში გაიცნეს. საქართველოში ათლეტიზმის ფუძემდებელია საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე კონსტანტინე გიორგის-ძე ზაუტაშვილი კ. ზაუტშვილი იყო საქართველოში ძალოსნობის ერთ-ერთი ფუძემდებლის გიორგი ჩიკვაიძის მოწაფე და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი. იგი იყო სპორტის ოსტატი ძალოსნობაში, საქართველოს ჩემპიონი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამართული სხვადასხვა რანგის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიოს რეკორდსმენი შტანგის მარცხენა ხელით აკვრაში (1928წ. ეს მოძრაობა ამოღებული იქნა ძალოსნობის პროგრამიდან) და მრავალი რეკორდის ავტორი. წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად იგი ნაყოფიერ სამწვრთნელო საქმიანობასაც ეწეოდა და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში ძალოსნობის და ზოგადად ძალისმიერი სპორტის სახეობების განვითარებაში. კ. ზაუტაშვილმა სამწვრთნელო საქმიანობა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში სპორტული მოღვაწეობის პარალელურად დაიწყო და აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და სპორტულ სექციებში. 1935 წლიდან კ. ზაუტაშვილმა საქმიანობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზაღზრდის კათედრაზე, მოგვიანებით კი ამ კათედრის ხელმძღვანელი გახდა და მას 17 წელი (1949-1955წწ; 1958-1969წწ.) ხელმძღვანელობდა. 1935-1962წწ. იგი იყო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის თავმჯდომარე და ძალოსობაში საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი. სამწვრთნელო საქმეში წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე 1947 წელს ბატონი კოტე მიწვეული იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის ძალოსანთა ნაკრები გუნდის მწვრთნელად. 1966 წელს კ. ზაუტაშვილი, როგორც თავისი საქმის უზადო მცოდნე საბჭოთა კავშირიდან სამუშაოდ კუბის რესპუბლიკაში მიავლინეს სადაც მან საფუძველი ჩაუყარა ძალოსნობის განვითარებას და მრავალი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდა. ბატონი კოტეს აღზრდილებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კუბელი სერხიო ოლივა, რომელიც შემდეგში წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი ათლეტი გახდა. სერხიო ოლივა კულტურიზმში გამოდიოდა და 1967, 1968, 1969 წლებში ზედიზედ სამჯერ გახდა Mr. Olimpia-ს ტიტულის მფლობელი. კუბელი ათლეტის დაუმარცხებელი სერიის შეჩერება ვერავინ შეძლო სანამ იგი 1970 წელს ლეგენდარულ არნოლდ შვარცენეგერთან არ დამარცხდა. კონსტანტინე ზაუტაშვილის კუბაში მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. კუბაში ის საფუძვლიანად გაეცნო ათლეტიზმს და მასში შემავალ სპორტის სახეობებს კულტურიზმს და პაუერლიფტინგს. 1968 წელს კუბიდან დაბრუნების შემდეგ კ. ზაუტაშვილმა ათლეტიზმი საქართველოში შემოიტანა. მოგვიანებით მან „პაუერლიფტინგს“ ქართული სახელი „ძალისმიერი სამჭიდი“ უწოდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბატონი კოტეს ამ ვითომდა უწყინარ და კეთილშობილურ სპორტულ წამოწყებას სერიოზული გამოცდის გავლა მოუხდა. პრობლემა ის იყო, რომ იმ დროს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა სადაც ამერიკული და საერთოდ დასავლური ღირებულებები კატეგორიულად იკრძალებოდა. აკრძალული იყო სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა კარატე, გოლფი და ა.შ. იკრძალებოდა ჯაზის და როკის მოსმენა. აკრძალლვების დიდ ჩამონათვალში პაუერლიფტინგიც შევიდა და ყველა ვინც მის გავრცელებას შეეცდებოდა რეპრესიები ელოდა. საფრთხეების მიუხედავად კ. ზაუტაშვილმა შეძლო თანამოაზრეების შემოკრება და ვარჯიშის დაწყება. ენთუზიასტები, ყურადღება რომ არ მიექციათ, პატარა დარბაზებში ფარულად ვარჯიშობდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სპორტულ დარბაზებს "КГБ"-ს თანამშრომლები ამოწმებდნენ რის გამოც ათლეტები იძულებულნი იყვნენ სამჭიდის ინვენტარი გადაემალათ და თავი კლასიკურ ძალოსნებად ან სხვა სპორტის წარმომადგენლებად გაესაღებინათ. სამჭიდის ინვენტარიდან ძირითად სამხილს წოლჭიმის სკამი წარმოადგენდა, რადგან პაუერლიფტინგში ინვენტარის ყველა სხვა ელემენტი ჩაჯდომის სადგამი, შტანგა, განტელები, გირები და ა.შ. ისეთივეა, როგორც ძალოსნობაში. ასეთ რთულ ვითარებაში ათლეტიზმის გავრცელების ძირითად კერად თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული დარბაზი იქცა, რომელსაც კ. ზაუტაშვილი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა ეპოქის საქართველოში თითქმის ყველა ეროვნული იდეა უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული და გასაკვირი არ არის, რომ ამ ახალ წამოწყებასაც სწორედ უნივერსიტეტმა გაუღო კარი. უნივერსიტეტის დარბაზს სხვადასხვა დროს ხშირად სტუმრობდნენ ლავრენტი ბერია, გალაკტიონ ტაბიძე, დოდო აბაშიძე და სხვა ცნობილი ადამიანები. ლ. ბერია ძალოსნებს ხშირად ორაზროვნად აფრთხილებდა: “უცხოეთში ტურნირებზე ვერ წახვალთ, მაგრამ მათ შედეგებით მაინც უნდა აჯობოთო”. კ. ზაუტაშვილმა ათლეტიზმის პოპულარიზაციის მიზნით თბილისში ჩამოიყვანა სერხიო ოლივა და მას ჯერ კიდევ დამწყებ ქართველ ათლეტებთან ერთად უნივერსიტეტის დარბაზში ავარჯიშებდა. კუბელი ათლეტი, თბილისში ყოფნის დროს, ათლეტიზმში ვარჯიშის დასამალად თავს ძალოსანად ასაღებდა. ამ ვერსიის გასამყარებლად მან ერთხელ თბილისში გამართულ ძალოსნობის შეჯიბრებაშიც კი მიიღო მონაწილეობა. 1980 წელს თსუ-ს სპორტულ დარბაზში დაარსდა საქართველოში პირველი ცენტრალური ათლეტური კლუბი „ამირანი“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოში ათლეტიზმის განვითარებაში. საქართველოში ატლეტიზმის დანერგვაში კ. ზაუტაშვილთან ერთად აქტიურად ჩაერთო ცნობილი ქართველი მულტიპლიკატორი, გადამდგარი პოლკოვნიკი ავენირ ხუსკივაძე, რომელმაც საკუთარი სახლის სარდაფი ათლეტიზმის დარბაზად გადააკეთა და უამრავი ახალგაზრდა აზიარა ამ ახალ სპორტის სახეობას. 1982 წელს ავენირ ხუსკივაძის სახლში მოწყობილ დარბაზში ჩატარდა საქართველოში ათლეტიზმის პირველი შეჯიბრება. მოგვიანებით, დროის სხვადასხვა ინტერვალით, ატლეტიზმის სექციები გაიხსნა სხვა ქალაქებშიც. შემდეგში სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლეგენდარულმა შოთა ბეჟაშვილმა ათლეტიზმის სექცია გახსნა სიღნაღში, საქართველოსა და ყოფილი სსრკ-ს მრავალგზის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ათლეტიზმში დავით ბეჟანიშვილმა ათლეტიზმის სექცია გახსნა თელავში. კასპში ანალოგიური სექცია გახსნა მოყვარულმა სპორტსმენმა, გვარდიის კაპიტანმა ნოდარ წერეთელმა. საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ვაჟა კურკუმულმა ათლეტთა ძლიერი გუნდი მოამზადა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში. ათლეტიზმი, როგორც ფიზიკური მომზადების სისტება დანერგილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისთროსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში. 80-იან წლებში ყოფილ სსრკ-ში ძალისმიერი სამჭიდი ოფიციალურად იქნა აღიარებული, 1986 წელს კი ჩატარდა პირველი საკავშირო ჩემპიონატი. სსრკ-ს პირველ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კლუბი „ამირანი“ გამოვიდა და ჩემპიონი გახდა. ჩვენი გუნდისთვის ასეთი შედეგი უდაოდ დიდი წარმატება იყო და ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოულოდნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ ყოფილ სსრკ-ში შემავალი 15 რესპუბლიკიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პატარა იყო და სპორტის ამ ახალ სახეობაში ქართველების გამარჯვებას არავინ ელოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გამარჯვება დიდი რისკის და იატაკქვეშეთში 20 წლიანი ვარჯიშის შედეგი იყო. 1990 წლის 8 ივნისს ქართული ათლეტიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოში მოქმედი რეგიონალური ფედერაციების, ათლეტური კლუბების, სპორტული სკოლების და ათლეტური პროფილის იურიდიული პირების მიერ შეიქმნა ნებაყოფლობითი კავშირი ეს იყო ათლეტიზმის პირველი ეროვნული ორგანიზაცია და მას საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია (საფ) ეწოდა საფ-მა ოფიციალურად აღიარა “ოლიმპიური ქარტია”, ოლიმპიური პრინციპები და გახდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1991 წელს საფ-ი გაწევრიანდა ათლეტური სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებში 1. International Federation of Bodybulders (IFBB) 2. International Powerlifting Federation (IPF) 3. European Powerlifting Federation (EPF) ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რადგან მსოფლიოში მოქმედი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მხოლოდ IFBB და IPF არის რეგისტრირებული საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ასოციაციაში (GAISF) და აღიარებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ. ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ძალისმიერი და ათლეტური სპორტის კიდევ ერთ სახეობას ძალისმიერ სამჭიდს, რომელიც ჩვენში უკვე 50 წლის ისტორიას ითვლის. დღეს საფ-ის ათლეტური კლუბები ქ. თბილისის გარდა აქტიურად მუშაობენ სიღნაღში, თელავში, ქუთაისში, გორში, ფოთში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, კასპში, მარნეულში, საგარეჯოში, ველისციხეში, წალკაში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ყველასათვის ნაცნობი და ისტორიული კლუბი „ამირანი“ 2005 წლიდან თსუ-ს სპორტული ცენტრის შემადგენლობაში შედის და თავისი წარმატებული საქმიანობით კვლავინდებურად აგრძელებს ქართული ათლეტიზმის ავანგარდში დგომას.



მიმაგრებული ფაილი 1