ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
კრივის ისტორია

ს პ ო რ ტ ი ს ისტორიის მკვლევართა მტკიცებით, კრივს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის საქართველოში მისდევდნენ. ამ მოსაზრების ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია ვანში აღმოჩენილი სკულპტურის ფრაგმენტი - მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმნით და ზემოდან გადაჭიმული ტყავისავე ბრტყელი თასმით, ე.წ. სამუშტე ღვედებით. გვიანდელი ცნობებით ირკვევა, რომ კრივს ტრადიციულ ხალხურ ასპარეზობათა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ასეთი შეჯიბრებები მეტწილად სახალხო (ყეენობა) და რელიგიურ დღესასწაულებზე (კვირაცხოვლობა, თელეთობა) იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის -ქართლში, მესხეთში, კახეთში. თბილისში მოკრივეთა არაერთი სარბიელი არსებულა: ორთაჭალაში, მახათას მთის უბეში, ავლაბარში, სოლოლაკის მთის კალთებზე. თბილისური კრივი თეატრალიზებულ სანახაობას ჰგავდა და ხალისით ეტანებოდა საზოგადოების სხვადასხვა ფენა. კრივის დიდი მოყვარული ყოფილა პოეტი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ორბელიანი. XIX საუკუნის დასაწყისში სოლოლაკში გამართული გრანდიოზული კრივი დეტალურად აღწერა ცნობილმა სამხედრო მოღვაწემ დავით ბებუთაშვილმა (“კავკაზსკი სბორნიკ”, 1802). ალექსანდრე დოდაშვილი გაზეთ “შრომაში” (1883, N8) გვიამბობს თელავში XIX საუკუნის 80-იან წლებში გამართულ კრივზე. ეს ორი დოკუმენტური მასალა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის საქართველოში კრივის გავრცელების მასშტაბსა და ასპარეზობათა გამართვის მაშინდელ წესებზე. თბილისში გავრცელებული იყო კრივის რამდენიმე ნაირსახეობა: მუშტი-კრივი ზედა კიდურების, იდაყვის, მხრის გამოყენებით; ე.წ. არეული კრივი - თავით, ზედა და ქვედა კიდურებით; სალდასტის კრივი შურდულებითა და ხის ხმლებით (“სალდასტი-საკუთრივ ხის ხმალს ნიშნავს.“სალდასტის კრივი”-კრივი შურდულებით და ხის ხმლებით”. იოსებ გრიშაშვილი, “ქალაქური ლექსიკონი”. 1997). შეჯიბრებას ყმაწვილები იწყებდნენ, შემდეგ ბრძოლაში ერთვებოდნენ ჭაბუკები და 25-30 წლის კაცები, ბოლოს კი - ასაკოვანი და გამოცდილი მოკრივეები. XX საუკუნის დასაწყისში რინგზე შიშველი მუშტით ბრძოლა ხელთათმნებით კრივმა შეცვალა. ცნობილი სპორტსმენისა და მოღვაწის, ბორის კვინიხიძის აზრით, საქართველოში თანამედროვე კრივის შემოსვლის თარიღად უნდა მივიჩნიოთ 1912 წლის 20 დეკემბერი, როცა თბილისის პოლიცმაისტერმა ზასიპკინმა პეტრე მარღანიძეს ნება დართო, ბელინსკის ქუჩაზე გაეხსნა ”ათლეტური არენა”. მარღანიძე მრავალმხრივი სპორტსმენი იყო: ოდესაში დაამთავრა ძალოსნობის კურსები, ბადალი არ ჰყავდა ფრანგულ ჭიდაობასა და კრივში. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, თანამედროვე კრივში გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ სწორედ მარღანიძის მიერ 1923 წლის 15 ივლისს ორგანიზებული ბრძოლა მ. ჭინჭარაძესა და კ. ჟიგაჩოვს შორის. როგორც სამაგალითო ათლეტი და სპორტის ორგანიზატორი, პეტრე მარღანიძე სპორტსაზოგადოება “შევარდენში” მიიწვიეს და ძალოსანთა და მოკრივეთა ხელმძღვანელად დანიშნეს. იმ დროისთვის კრივის სექციები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის - სოხუმსა და ბათუმში,მოგვიანებით - ფოთსა დაქუთაისში. მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომ წლებში საქართველოს მოკრივეებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს: სსრ კავშირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ვართანოვი (სამჯერ), შალვა გორგასლიძე, ანდრო ნავასარდოვი, ლევან ღუდუშაური და გაბრიელ ხანუკაშვილი. მომდევნო თაობის მოკრივეთაგან გამოირჩეოდნენ ძმები ნოდარ და გივი დარბაისელები, ფრიდონ ლომიძე, თათეოს მიქაელიანი, რობერტ კალაჯევი და სხვები. მათს დაოსტატებაში წვლილი მიუძღვით ალექსანდრე გოლშტეინს, გურგენ გასპარიანს, ალექსანდრე ბაქრაძეს და სხვა ცნობილ მწვრთნელებს. 1936 და 1945 წლებში საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო სსრკ გუნდური პირველობა. საქართველოს კრივის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 16 ივნისს. 1992 წლის აპრილიდან საერთაშორისო სამოყვარულო კრივის ასოციაციის (AIBA) და ევროპის სამოყვარულო კრივის ასოციაციის კრივი (ინგლ.დარტყმა). სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სახეობა. ხელჩართული ბრძოლა რბილი ხელთათმნებით სპეციალურად მოწყობილ სარბიელზე - რინგზე. ევროპის ჩემპიონატი მოყვარულთა შორის იმართება 1924 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი - 1974-იდან, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1904-იდან. კრივის ისტორია დასაბამს ანტიკურ ეპოქაში იღებს. თანამედროვე კრივის წინამორბედი - მუშტი-კრივი - მოხსენიებულია უძველეს ბაბილონურ და ასირიულ წყაროებში, ბერძნულ მითოლოგიაში, ძველი რომის ქრონიკებში. კრივს ბევრი მიმდევარი ჰყავდა ეგვიპტესა და მესოპოტამიაში. ამ ადგილებში აღმოჩენილია ძვ.წ. III ათასწლეულის სკულპტურა და ბარელიეფი მოკრივეთა გამოსახულებით. კრივის ფრაგმენტები აღბეჭდილია ძველ ბერძნულ ამფორებსა და ლარნაკებზე. ჰომეროსი “ილიადაში” აღწერს ტროაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მუშტი-კრივს (23-ე ლექსი). როგორც ირკვევა, კრივმა განვითარების მწვერვალს სწორედ ძველ საბერძნეთში მიაღწია. იმ დროისთვის უკვე არსებობდა სპეციალური სავარჯიშო იარაღები. იბრძოდნენ შიშველი ხელებით, მოგვიანებით კი მუშტებზე ბინტს ან ღვედს იხვევდნენ. ძვ.წ. 688 წელს მუშტი-კრივი პირველად შეიტანეს ანტიკური ოლიმპიადის პროგრამაში. ბრძოლის დრო განსაზღვრული არ იყო და შეხვედრა წყდებოდა მაშინ, როცა ერთ-ერთი მოწინააღმდეგე თავს დამარცხებულად ცნობდა ან ღონემიხდილი ძირს დაეცემოდა. ძვ.წ. II საუკუნეში შემოიღეს სპეციალური ტყვიაჩატანებული ხელთათმანი, რამაც არსებითად შეცვალა ბრძოლის ტექნიკა. წინ გაშვერილი ხელით თავს იცავდნენ, მეორით კი მეტოქეს უტევდნენ. მართალია, კრივში თავდაპირველად ძალისმიერი ელემენტები ჭარბობდა, მაგრამ უხეშ ფიზიკურ ძალას ნელ-ნელა დაუპირისპირდა მოხერხებულობა და ტექნიკური ბრძოლის ხელოვნება. სწორედ ასეთ კრივს აღიარებდნენ პლატონი, სოკრატე, სოფოკლე და სხვა დიდი ბერძენი მოაზროვნეები, პითაგორა კი თავადაც ჩინებული მოკრივე და ოლიმპიური ჩემპიონი იყო. თანამედროვე კრივის სამშობლოდ XVII-XVIII საუკუნეების ინგლისია მიჩნეული. წერილობითი წყაროების თანახმად, ინგლისში მოკრივეთა პირველი ოფიციალური მატჩი 1681 წელს გამართულა. მაშინ ჯერ კიდევ შიშველი ხელებით იბრძოდნენ. ამასთან, ნებადართული იყო თავისა და ფეხის ჩარტყმა, ჭიდაობის ილეთების გამოყენება. ინგლისის პირველ ჩემპიონად აღიარებულია ჯეიმს ფიგი, რომელმაც 1719 წელს ნელ სატონი დაამარცხა. მოგვიანებით ფიგმა ქაღალდზე გადაიტანა კრივის წესები და ბევრი რამ გააკეთა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის. უკვე არსებული წესები შეავსო და 1743 წელს გამოსცა ასევე ცნობილმა მოკრივემ და ორგანიზატორმა ჯაკ ბროუტონმა. მანვე ააგო პირველი ამფითეატრი მოკრივეთა შეჯიბრებებისთვის, გამართა რინგი და შემოიღო სპეციალური ხელთათმანი. 1867 წელს ჟურნალისტმა ჯონ გრემ ჩემბერსმა შეიმუშავა ახალი და უფრო სრულყოფილი წესები, რომელიც გამოსცა ქუინსბერის მერვე მარკიზის, ჯონ დუგლასის ხელშეწყობით და დღემდე ცნობილია `ქუინსბერის წესების- სახელწოდებით. 1880-იან წლებში ბრიტანეთში გაიხსნა კრივის სკოლები, გახშირდა შეჯიბრებები. არმიაში, ფლოტსა და პოლიციაში კრივი სავალდებულო დისციპლინად გამოცხადდა. კრივის მიმდევართა და თაყვანისმცემელთა რიგებში იყო მრავალი სახელოვანი პიროვნება, მათ შორის ჯორჯ ბაირონი, ბერნარდ შოუ, მორის მეტერლინკი. დიდი ბრიტანეთიდან კრივი გავრცელდა ევროპის ქვეყნებში, ამერიკასა და ავსტრალიაში. 1888 წელს ნიუ-იორკში გაიმართა მოყვარულ მოკრივეთა პირველი მატჩი აშშ-ის ჩემპიონის ტიტულისათვის. XX საუკუნეში კრივი ყველა კონტინენტზე განვითარდა და მილიონობით გულშემატკივრისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სანახაობად იქცა. კრივის ოლიმპიური დებიუტი 1904 წელს შედგა სენტ-ლუისში. რინგზე მხოლოდ ამერიკელები გამოვიდნენ და შვიდივე წონით კატეგორიაში პრიზიორთა შორის მხოლოდ ისინი იყვნენ. სტოკჰოლმის 1912 წლის თამაშებში მოკრივეები არ გამოსულან, მას შემდეგ კი კრივი ყველა ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა. 1924 წლიდან თითოეულ ქვეყანას ერთ წონით კატეგორიაში მხოლოდ ერთი მოკრივის გამოყვანის უფლება აქვს. 1948-იდან ნახევარფინალში დამარცხებულებს დამატებითი ბრძოლა არ სჭირდებათ და პირდაპირ გადაეცემათ ბრინჯაოს მედალი. 1952 წლამდე მეტწილად ამერიკელები იმარჯვებდნენ, შემდეგ პრიზიორთა შორის ხშირად იყვნენ კუბის, უნგრეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ყოფილი სსრკ-ის მოკრივეები. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან ლასლო პაპი (უნგრეთი), თეოფილო სტივენსონი (კუბა) და ფელიქს სავონი (კუბა).



მიმაგრებული ფაილი 1