ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
„ბორჯღალოსნები“ სეზონს რუმინეთთან მატჩით დაიწყებენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ კლუჟში 9 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. „ბორჯღალოსნებისა“ და „სტეჟარის“ („მუხის ფოთლების“) დაპირისპირება ტრადიციულად დაძაბულობით გამოირჩევა. გარდა სატურნირო მნიშვნელობისა შეხვედრას სხვა დატვირთვაც გააჩნია - მატჩში გამარჯვებული გარდამავალ „ანთიმოზ ივერიელის თასს“ დაეუფლება. 9 თებერვალს გასამართი შეხვედრა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ 300 წლიან ურთიერთობას მიეძღვნება. ამ ფაქტის აღსანიშნავად მზადდება საგანგებო ბანერი, რომელიც სტადიონზე გამოიფინება. შესაბამისი ლოგო ორი ქვეყნის საგარეო უწყებების მიერ ერთობლივად შემუშავდა.

„ბორჯღალოსნების“ მწვრთნელის მილტონ ჰეიგის მიერ შერჩეულ 23 მორაგბეს შორის 3 დებიუტანტია. ნაკრების კვართს პირველად მოირგებენ მეორეხაზელი დავით გიგაური და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, შერკინების მარქაფაშია კვაჭი ვანო კარკაძე. ჩვენს გუნდს მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს. ჰეიგმა „დიდი 10“ - დან ჯამში 8 მორაგბეს უხმო, აქედან 5 ძირითად შემადგენლობაშია. რუმინეთთან შეხვედრაში 86-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს გიორგი ნემსაძე.    

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება რიგით 23-ე იქნება. განვლილი 22 შეხვედრიდან, 12 „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა, 9 მატჩში გამარჯვება რუმინელებმა იზეიმეს, 1 შეხვედრა დასრულდა ფრედ. საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-13 ადგილზეა, რუმინეთი - მე-18. შეხვედრას „კლუჟ არენა“ უმასპინძლებს, პირდაპირი რეპორტაჟი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

 

„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა

უკანა ხაზი

15 ლაშა ხმალაძე - ბათუმი (დიდი 10)

14 სანდრო თოდუა - ბათუმი (დიდი 10)

13 მერაბ შარიქაძე (კაპიტანი) - ორიაკი (პრო დ2)

12 გიორგი კვესელაძე - მარნეულის არმაზი (დიდი 10)

11 ზურაბ ძნელაძე - ლოკომოტივი (დიდი 10)

10 თედო აბჟანდაძე - ქუთაისის აია (დიდი 10)

9 ვასილ ლობჟანიძე - ბრივი (პრო დ2)

 

შერკინება

1 გურამ გოგიჩაშვილი - რასინგ 92 (ტოპ 14)

2 შალვა მამუკაშვილი - ენისეი (რუსეთი)

3 ბექა გიგაშვილი - გრენობლი (ტოპ 14)

4 დავით გიგაური - ბუკურეშტი (რუმინეთი)

5 გიორგი ნემსაძე - ოსპრეიზი (უელსი)

6 ბექა საღინაძე - ორიაკი (პრო დ2)

7 გიორგი ცუცქირიძე - ორიაკი (პრო დ2)

8 ბექა გორგაძე - ბორდო (ტოპ 14)

 

თადარიგი

23 გიორგი აფციაური - ლოკომოტივი (დიდი 10)

22 მირიან მოდებაძე - ქუთაისის აია (დიდი 10)

21 გელა აფრასიძე - მონპელიე (ტოპ 14)

16 ვანო კარკაძე - ორიაკი (პრო დ2)

17 თორნიკე მატარაძე - ნევერი (პრო დ2)

18 ლევან ჩილაჩავა - მონპელიე (ტოპ 14)

19 ნოდარ ჭეიშვილი - ქორნიშ პაირათსი (ჩემპიონშიპი, ინგლისი)

20 გიორგი თხილაიშვილი - ბათუმი (დიდი 10)

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე