ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
კახა კალაძე „ლივერპულისა“ და „მილანის“ ვეტერანთა მატჩში ითამაშებს

23 მარტს, ლივერპულში, „ენფილდის“ სტადიონზე 'LFC Foundation' - ის („ლივერპულის“ საქველმოქმედო ფონდი) საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. „ლივერპულის“ ლეგენდები „მილანის“ ვარსკვლავებს უმასპინძლებენ. „მილანის“ შემადგენლობაში ითამაშებს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე. მასპინძელთა კაპიტანი ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რობი ფაულერი იქნება, ხოლო იტალიელებს პაოლო მალდინი უკაპიტნებს.   

 

 

 

გუნდების შემადგენლობები

 

ლივერპული“: დუდეკი, ვესტერველდი, აგერი, კარაგერი, ჰიიპია, ჯონსონი, კენედი, კვარმე, მაკატერი, ტრაორე, ბერგერი, დიაო, გარსია, მაკმანამანი, სმიჩერი, ალდრიჯი, სისე, ფაულერი, კიუიტი, ოუენი, რაში.

მილანი: აბიატი, ამბროზინი, ბორიელო, კაფუ, კარბონე, კოსტაკურტა, დიდა, ფავალი, ფიორი, გატუზო, ჯილარდინო, ინძაგი, კაკა, იანკულოვსკი, კალაძე, მალდინი, ნესტა, ოდო, პანკარო, პირლო, რუი კოშტა, სერჟინიო, სიმიჩი, სტამი, სტორარი.

 

საქველმოქმედო მატჩის ინსპირაცია 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება. სტამბოლში გამართული შეხვედრა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 3:0 იყო „მილანის“ სასარგებლოდ. შეხვედრის მეორე ნახევარში, „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა იტალიელთა კარი სამჯერ აიღეს. ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა 3:2 იმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლნენ. ორ წელიწადში, „მილანმა“ რევანშის აღება მოახერხა. ათენში გამართული ფინალი იტალიური კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კალაძე ორივე შეხვედრაში იყო „მილანის“ განაცხადში, თუმცა მონაწილეობა მხოლოდ მოგებულ შეხვედრაში მიიღო.