ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
მძლეოსნობა
სპორტის სახეობის აღწერა

ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, შეჯიბრებები მძლეოსნურ ვარჯიშებში (რბენა, ხტომა, შუბის ტყორცნა და სხვ.) ჯერ კიდევ წარმართულ ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე იმართებოდა. საამისოდ გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები. აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” ვკითხულობთ: “კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”. ძველ ქართულში “რბენის” მნიშვნელობით სხვადასხვა სიტყვას იყენებდნენ. მაგ., ბასილი ზარზმელი მას “სრბას” უწოდებს, თამარ მეფის ისტორიკოსი – “მკვირცხლობას” და “ფეხით მალობას”, არჩილ მეფე – “ფეხმსუბუქობას”. 

რბენა არა მარტო მდაბიოთა სამხედრო ფიზიკური მომზადების საშუალება იყო, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წარჩინებულთა ვარჯიშებშიც. ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ ხალხში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა შუბის ტყორცნა მიზანში, ჭოკით სიგრძეზე ხტომა, ნაბადზე ხტომა, ხუნტრუცი (“ჭაბუკთა, ქალთა მიერ როკვა, რბოლა ძალისამებრ მათისა”. სულხან-საბა ორბელიანი), ფუნდრუკი (“ჭაბუკთამიერი მღერა, რბოლა, ხლდომა, ქვათა სრევა”. სულხან-საბა ორბელიანი).

მძლეოსნურ ვარჯიშებს, როგორც სამხედრო მომზადების საშუალებას, ფართოდ იყენებდნენ მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში. 1848 წელს შეიქმნა ფიზიკური აღზრდის კავკასიის ე.წ. განსაკუთრებული ოლქი, რომელსაც სხვა სახეობებთან ერთად მძლეოსნობის განვითარებაც ევალებოდა. XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში მოვლინებულმა ჩეხური ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” ემისრებმა თავიანთ სასწავლო პროგრამაში მძლეოსნური დისციპლინებიც ჩართეს.

პირველი პროფესიონალური მძლეოსნური ჯგუფი 1918 წელს თელავში ჩამოყალიბდა და მას გიორგი ჩიკვაიძე ჩაუდგა სათავეში. იქვე ჩატარდა პირველი შეჯიბრებები რამდენიმე მძლეოსნურ სახეობაში. 1925 წელს საქართველოს სსრ ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მძლეოსნობის სექციას ასევე გიორგი ჩიკვაიძე უძღვებოდა, წევრებად კი მიწვეული იყვნენ გრიგოლ გიორგაძე, ბორის დიაჩკოვი, არჩილ ბაქრაძე და სხვები. მათი თაოსნობით რეგულარულად იმართებოდა მძლეოსნური შეჯიბრებები, ტრადიციული სამატჩო შეხვედრები თბილისის, ბაქოს და ერევნის ნაკრებ გუნდებს შორის.

მძლეოსნური რეკორდების აღრიცხვა დაიწყო 1922 წლიდან. საქართველოს პირველი რეკორდსმენი იყო ბორის დიაჩკოვი, რომელმაც 100 მ 12,4 წამში გაირბინა. 1930-იან წლებში სპორტული შედეგები საგრძნობლად გაიზარდა, საკავშირო რეკორდები დაამყარეს ბორის დიაჩკოვმა, დიმიტრი იოსელიანმა, ჰერტრუდა მაიერმა, გიორგი შხვაცაბაიამ. 1936 წელს ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა დიმიტრი იოსელიანი (348,5 სმ), 1939 წელს კი მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა ბადროს მტყორცნელმა ნინო დუმბაძემ (49,11 მ), რომელმაც ექვსჯერ გააუმჯობესა თავისი მიღწევა. მძლეოსნობის პოპულარობას ხელი შეუწყო 1935 წელს თბილისის “დინამოს” სტადიონის გახსნამ და სპეციალიზებული სპორტული სკოლის დაარსებამ. საქართველოს მძლეოსნებისთვის წარმატებული გამოდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. ნინო დუმბაძესთან ერთად საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ლევან სანაძემ, ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინამ, ელენე გოკიელმა, ალექსანდრე შჩერბინამ, იური დიაჩკოვმა, რევაზ ქვაჩაკიძემ, ლამარა ტუღუშმა, რევაზ ტრაპაიძემ, ედუარდ ლომთაძემ, ლიუდმილა იევლევამ, გურამ გუდაშვილმა, ანდრო ბედუკაძემ და სხვებმა. შემდგომი თაობის მძლეოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: ანატოლი მოშიაშვილი, საიდა გუმბა, მაია აზარაშვილი, ოლეგ სტრიჟაკოვი, ბესიკ გოცირიძე და ტარიელ ბიწაძე.

ისტორიული მნიშვნელობისა იყო რობერტ შავლაყაძის გამარჯვება რომის ოლიმპიურ თამაშებში. ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა უშუალო ბრძოლაში აჯობა პლანეტის უძლიერეს ათლეტებს, მათ შორის ამერიკელ მსოფლიო რეკორდსმენს ჯონ თომასს. სიცოცხლეშივე ლეგენდარულ სპორტსმენად აღიარეს პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი სამმხტომელი ვიქტორ სანეევი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს რეკორდი კი სამჯერ გააუმჯობესა. სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარეს. ოლიმპიურ თამაშებში ბოლო მედალი მაია აზარაშვილმა აიღო (ესტაფეტა 4X100 მ) – სეულში 1988 წელს. მას შემდეგ საქართველოს მძლეოსნებს დიდ შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ.

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 30 აპრილს. 1992 წლის 30 მაისიდან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IAAF) და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EAA) წევრია. პრეზიდენტი – თამაზ მდინარაძე (1991-?), ალექსი ახვლედიანი (დღემდე). 

    შედეგები
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი (ევროპული თამაშები) დარბაზში 1968, მადრიდი, ესპანეთი
    ლიუდმილა იევლევა - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
    საიდა გუმბა - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1954, ბერნი, შვეიცარია
    ლევან სანაძე - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1950, ბრიუსელი, ბელგია
    ლევან სანაძე - პირველი ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    ლევან სანაძე - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1972, გრენობლი, საფრანგეთი
    ანატოლი მოშიაშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1974, გეტებორგი, შვედეთი
    ანატოლი მოშიაშვილი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1966, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ალექსანდრე შჩერბინა - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1971, ჰელსინკი ფინეთი
    ვიქტორ სანეევი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1946, ოსლო, ნორვეგია
    ელენე გოკიელი - მეორე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1946, ოსლო, ნორვეგია
    ელენე გოკიელი - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა - მესამე ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1950, ბრიუსელი, ბელგია
    ნინო დუმბაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1946, ოსლო, ნორვეგია
    ნინო დუმბაძე - პირველი ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    ნინო დუმბაძე - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    მაია აზარაშვილი - მესამე ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1962, ბელგრადი, იუგოსლავია
    რობერტ შავლაყაძე - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    რობერტ შავლაყაძე - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1976, მიუნხენი, გფრ
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1975, კატოვიცე, პოლონეთი
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1972, გრენობლი, საფრანგეთი
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1971, სოფია, ბულგარეთი
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1970, ვენა, ავსტრია
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1974, რომი, იტალია
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1969, ათენი, საბერძნეთი
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
    ვიქტორ სანეევი - მეორე ადგილი
    ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი
    ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა
    ვიქტორ სანეევი - პირველი ადგილი