ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
სათხილამურო სპორტი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში თხილამურობის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა 1920-იანი წლების მიწურულს , როცა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგაზავროსნობის განყოფილების თავჯდომარე პროფესორ გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოეწყო ე.წ. სადაზვერვო გასვლა ბაკურიანში. პირველი მოთხილამურეები სწორედ მთამსვლელები იყვნენ. 1931 წელს ამიერკავკასიის პროლეტარული ტურიზმის და ექსკურსიების საზოგადოების სამთო სექცია სამთო და სათხილამურო სექციად გადაკეთდა. ამავე წელს მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა კავკასიონზე, რომლის მონაწილენიც თხილამურებით ჩავიდნენ მესტიაში. 1932 წელს გიტო გიორგაძის ხელმძღვანელობით ბაკურიანში ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი ხუთკაციანი ჯგუფი,

ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღის შენობაში კი პირველი სათხილამურო სადგური დაბანაკდა. მოთხილამურეთა პირველი შეჯიბრება (5 კილომეტრზე რბოლა და მთიდან დაშვება) 1934 წელს გაიმართა ბაკურიანში და თბილისელი გაიოზ კანდელაკის გამარჯვებით დამთავრდა. 1935 წელს ბაკურიანშივე ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომლის პროგრამაშიც შედიოდა რბოლა 5, 10, და 20 კილომეტრზე, სლალომი და ტრამპლინიდან ხტომა. რბოლებში საუკეთესო იყო ვლადიმერ კოსმაჩევსკი, სამთო სახეობაში - ალექსანდრე გვალია. მოგვიანებით საქართველოს მოთხილამურეები საკავშირო შეჯიბრებებშიც ჩაებნენ, მაგრამ რბოლებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ და ამ დისციპლინებში არც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გამოსულან.

 

თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა

საქართველოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორია 1935 წლიდან იწყება, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მაშინ ყველას აჯობა იმ დრისთვის უკვე ცნობილმა ალპინისტმა და სამთო-სათხილამურო საქმის ორგანიზატორმა ალექსანდრე (სანდრო) გვალიამ. მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45, 70, და90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები,რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „მფრინავ ტორპედოდ“ მონათლულ კობა წაქაძეს - სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონს, ათამდე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეს. წაქაძე თითქმის 20 წლის განმავლობაში გამოდიოდა დიდ ასპარეზზე, გამოირჩეოდა სტაბილური შედეგებით და ხტომის დახვეწილი მანერით. მან სკვო-ველისა(1960) და საპოროს (1972) ოლიმპიადებზე მეცხრე შედეგი აჩვენა. 1960-იან წლებში არაერთ საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა ასევე ბაკურიანელმა მხტომელმა მიხეილ გავამ (მისი საუკეთესო შედეგია სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადის ჩემპიონობა). დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა კობა წაქაძის ვაჟი-კახა წაქაძე, რომელმაც მანამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და საკავშიროთასი მოიგო.

 

სამთო თხილამურობა

 საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტი განვითარდა 1930-იანი წლიდან, როცა ჩამოყალიბდა პირველი სათხილამურო სექცია და კავკასიონზე მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა (1931). ამ საქმეს სათავეში ედგნენ გიტო გიორგაძე, ალექსანდრე გვალია, გიორგი ბაქრაძე, ვიქტორ მალოვიჩკო. მთიდან დაშვებაში პირველი შეჯიბრება გაიმართა ბაკურიანში 1934 წელს. გაიმარჯვა თბილისელმა გაიოზ კანდელაკმა. მომდევნო წელს ჩატარებულ საქართველოს პირველ ჩემპიონატში სამთო სახეობები მოიგო ალექსანდრე გვალიამ. პირველი სპორტის ოსტატი გახდა ბაკურიანელი ლევან (ლალა) ფანჯიკიძე (1940), საკავშირო ჩემპიონატებში არაერთი მედალი მოიპოვა ასევე ბაკურიანელმა მოთხილამურემ მიხეილ გავამ. საკავშირო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ ნიკოლოზ მიქაბერიძე, იბრაჰიმ ჯანგობეკოვი,ლიანა გოგოლაძე, ნათელა ფალიანი, ბორის კახიანი და სხვები. 1994-2010 წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა საქართველოს 7 სამთო მოთხილამურე - ზურაბ ჯიჯიშვილი, სოფიკო ახმეტელი, ლევან აბრამიშვილი, რობრტ მახარაშვილი, იოსებ აბრამაშვილი, ჯაბა გელაშვილი და ნინო წიკლაური. მათგან საუკეთესო იყო ჯიჯიშვილი, რომელმაც 1998 წელს ნაგანოს თამაშებზე სამთო კომბინაციაში XIV ადგილი დაიკავა. სოფიკო ახმეტელი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქალი, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა. მას არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილი საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის - ევროპის თასის გათამაშების ეტაპებში.  

    შედეგები