ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ფრენბურთი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ფრენბურთი 1926 წელს შემოვიდა. ამ საქმეს მოთავეობდნენ მიხეილ ცხვედაძე, ლევან ფალავანდიშვილი, გრიგოლ იოსებაშვილი, ივანე ბაქრაძე და მიხეილ პეროვი. მოგვიანებით ამ ჯგუფს შეუერთდნენ არჩილ წერეთელი, ალექსანდრე პაცკევიჩი, შალვა დიასამიძე,  გიორგი ავალიშვილი, გიორგი საყვარელიძე და სხვები. პირველ ხანებში ბადის ნაცვლად იყენებდნენ ტანვარჯიშულ კიბეს, რომელსაც ბადის სიმაღლეზე ამაგრებდნენ. ახალი სახეობის პოპულარიზაციას ხელი შეუწყვეს თბილისში 1927 წელს ჩამოსულმა მოსკოვის დრამატული თეატრის მსახიობებმა, რომლებიც კარგი ფრენბურთელები აღმოჩნდნენ და რამდენიმე საჩვენებელი მატჩიც გამართეს. ერთი წლის შემდეგ ჩატარებული ამიერკავკასიის ვაჟთა გუნდების პირველობა თბილისელებმა მოიგეს. 1930-იან წლებში ფრენბურთს ძირითადად ვერის ბაღისა და სპორტსაზოგადოება “პიშჩევიკის” მოედნებზე თამაშობდნენ. იმავე პერიოდში ფრენბურთელთა გუნდები შეიქმნა ქუთაისში, სოხუმში, გაგრაში, ბათუმში, ცხინვალში, ფოთში, დიდ ჯიხაიშსა და ახალქალაქში. 

1932 წელს მოეწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი. შემდეგი წლიდან სსრკ პირველობაში ჩაება თბილისის კაცთა ნაკრები, 1935 წელს კი – ქალთა გუნდი. ომამდელ წლებში თბილისელი ფრენბურთელები (კაცები) სსრკ ჩემპიონატის საუკეთესოთა ხუთეულში შედიოდნენ. თბილისის “ნაუკამ” (1958 წლიდან – “ბურევესტნიკი”) 1938 წლის ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა, 1940 წელს კი მესამე იყო. ამ გუნდში თამაშობდნენ კონსტანტინე ლომინაძე, ალექსანდრე იაკუშევი, გივი ახვლედიანი, სერგო ტარახჩიანი, არჩილ ჭირაქაძე, ევგენირომანინი, ლუდვიგ ავალიანი და სხვები. 1938 წელს კონსტანტინე ლომინაძემ სსრკ-ში პირველმა შეასრულა ძალისმიერი გვერდული მოწოდება და დარტყმა ე.წ. კაუჭით, გივი ახვლედიანმა – თავდასხმითი დარტყმა 3-მეტრიან ხაზს გარედან, სერგო ტარახჩიანმა კი პირველმა მიიღო ნახტომით მოწოდების ბურთი. ეს ილეთები ფრენბურთის სახელმძღვანელოებშია შესული.

თბილისის ქალთა გუნდმა სსრკ ჩემპიონატში 1936 წელს III ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, 1952-53 წლებში, ეს გუნდი ასევე მესამე იყო ქალაქების ნაკრებთა საკავშირო პირველობებში. სხვადასხვა თაობის ფრენბურთელთა შორის ოსტატობით გამოირჩეოდნენ ელენე ქაჯაია, ლიუბოვ სენიუკი, თამარ ივანოვა, ბერტა ვარდიშვილი, ასია ანანოვა, ციალა აბუაშვილი და სხვები. სსრკ ნაკრებში სხვადასხვა დროს მიწვეული იყო საქართველოში დაოსტატებული ოცზე მეტი ფრენბურთელი. ქართული ფრენბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით კონსტანტინე ლომინაძეს, არმენაკ თევოსიანს, შოთა მარგიშვილს, ევგენი ამირანაშვილს, ვაჟა კაჭარავას, სერგო ტარახჩიანს, ირაკლი ნიკოლაიშვილს და ედუარდ სანთელაძეს.

1960-იან წლებში თბილისის “ბურევესტნიკის” კაცთა გუნდი იმდენად გაძლიერდა, რომ მის ბაზაზე შექმნილმა სსრკ სტუდენტთა ნაკრებმა 1963 წელს მსოფლიო უნივერსიადა მოიგო. იმავე წელს ბურევესტნიკელებმა საქართველოს ნაკრების სახელით სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში III ადგილი დაიკავეს. საქართველოში აღზრდილმა ფრენბურთელებმა არაერთხელ მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედლები, მაგრამ იმ დროისთვის ქართულ კლუბებში უკვე აღარ გამოდიოდნენ. გამონაკლისია ტოკიოს ოლიმპიადის (1964) ჩემპიონი ვაჟა კაჭარავა, რომელიც 1965 წლამდე თბილისის “ბურევესტნიკში” თამაშობდა, შემდეგ კი მოსკოვის “დინამოში” გადავიდა. უფრო ადრე, 1952 წელს, თბილისის “ლოკომოტივიდან” მოსკოვის ცსკა-ში მიიწვიეს გივი ახვლედიანი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, შემდგომში წარმატებული მწვრთნელი (ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ იგი XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა). 

კაჭარავასთან ერთად ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბათუმელი სტანისლავ ლუგაილო, რომელმაც ადრე დატოვა საქართველო და რიგის “დაუგავაში” თამაშობდა. თბილისის “ბურევესტნიკში” დაოსტატდა ოლიმპიური თამაშებისა (1980) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვლადიმერ დოროხოვი (შემდგომში ცსკა-ს და ლენინგრადის “სპარტაკის” წევრი).
ახალი თაობის ფრენბურთელთაგან უნდა გამოვყოთ საფრანგეთის კლუბის, “კანის” თბილისელი კაპიტანი ვიქტორია რავა. მისმა გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, თავად რავა კი ტურნირისა და საფრანგეთის 2003 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 28 თებერვალს. იმავე წლის დეკემბრიდან ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIVB) და ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის (FVBC) წევრია. პრეზიდენტები: გიული ჯალაღანია (1991-95), ავთანდილ სილაგაძე (1995-2001), ლევან ახვლედიანი (2001-?), ირაკლი ჩაჩუა (დღემდე).

    შედეგები
    ფრენბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1951, პარიზი, საფრანგეთი
    გივი ახვლედიანი - პირველი ადგილი
    ფრენბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1952, მოსკოვი, სსრკ
    გივი ახვლედიანი - პირველი ადგილი
    ფრენბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1967, თურქეთი
    ვაჟა კაჭარავა - პირველი ადგილი
    ფრენბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1963, რუმინეთი
    ვაჟა კაჭარავა - მესამე ადგილი
    ფრენბურთი - მსოფლიოს თასი 1965, პოლონეთი
    ვაჟა კაჭარავა - პირველი ადგილი
    ფრენბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, ჩეხოსლოვაკია
    ვაჟა კაჭარავა - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    ვაჟა კაჭარავა - პირველი ადგილი