ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ხრიდოლი
სპორტის სახეობის აღწერა

შერკინების ერთ-ერთი სტილი ძველ საქართველოში,ცალი ხელით კრივი. იოსებ გრიშაშვილის ცნობით, თუ „ ევროპიელთათვის არსებობს „ დუელი“, ისე ჩვენებური ყარაჩოღელისათვისაც იღო ამგვარი საშუალება შეურაცყოფის ასანაზღაურებლად, რომელსაც „ ხრიდოლი“ ეწოდებოდა“ (ი.გრიშაშვილი, ტომი III, გვ. 46, 1963 წ.). ხრიდოლის განმარტება ასევე შეტანილია გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ – „ხრიდოლი, ხრიდონი - კრივი ცალი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჭიშობენ - ჰერივობენ“. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის მაჩვენებელი იყო, რადგან ბრძოლაში გამომწვევი ცალი ხელი ებრძოდა ორივე ხელით მოჩხუბარ მეტოქეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცალი ხელით მებრძოლს გაუჭირდებოდა და მეტოქე დაჩაგრავდა, ის მაინც არ არღვევდა ხიდოლის წესებს და ისევ ცალი ხელით აგრძელებდა ბრძოლას.

სიტყვა ხრიდოლი, ისევე როგორც: ხრიდონი, ხრიდული, ხრიკული, მეხრიკეობა, ნაწარმოებია სიტყვა ხრიკისგან. იგი ძველ საქართველოში მეომრის ოსტატური მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას წარმოადგენდა. სულხან-საბას განმარტებით: „ხრიკი - მორკინალთ ხელოვნებაა“. ამუ ხერხი, ფანდი, ილეთი - მებრძოლის გააზრებული მოქმედება მეტოქის დასამარცხებლად.

ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინების მიზნით, კახაბერ ზარნაძის თაოსნობით 1993 წელს დაარსდა ხრიდოლის ფედერაცია, რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა ქართული საბრძოლო ხელოვნების უძველესი სახეობების მოძიება და საჩვენებელი გამოსვლებით მათი დემონსტრაცია.   1997 წლიდან ხრიდოლის თანამედროვე სახით აღდგენას მოთავეობას უწევდა ხრიდოლის სადროში  „იბერიელი მგლების“ ხელმძღვანელი ნუკრი მჭედლიშვილი. ქართველთა მხედრული ტრადიციების მკვლევართა ჯგუფმა (ზაზა დავითულიანი, ზურაბ ჩაჩანიძე, ლადო მეცხვარიშვილი, ნოდარ ლურსმანაშვილი, გიორგი კოკოშაშვილი, დავით ალანია, მანუჩარ ბესელია, დავით ჩორგოლიანი, ამური ქიტიაშვილი, ბახვა ჭაბუკიანი) საფუძვლიანად შეისწავლა და შეიმუშავა თანამედროვე ხრიდოლის , ანუ ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა - საბრძოლო ხუთჭიდი. აქ გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ხუთი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი, ფარიკაობა და მშვილდოსნობა.    

    შედეგები