ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ქართული ჭიდაობა
სპორტის სახეობის აღწერა

ქართულ ჭიდაობაზე , სპორტული ორთაბრძოლის უძველეს ეროვნულ სახეობაზე, არაერთი ცნობა მოიპოვება ქართლის ცხოვრების ქრონიკებში, საინტერესო საფალავნო ამბებზე მოგვითხრობენ მოსე ხონელის „ ამირანდარეჯანიანი“ და იოანე შავთელის „ აბდულმესიანი“ (XII ს.). XIII საუკუნის დასაწყისში ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა მეფე ლაშა-გიორგის დროინდელი მოჭიდავეების - ქართული ხიზამბარელისა და კახელი ბებურიშვილის შერკინების ამბავი, ხოლო XV საუკუნის მემატიანეებმა - ცნობა ათაბაგ მზეჭაბუკის შეხვედრაზე თათართა ფალავან ძალანთან .

ალავერდის ტაძრის შესასვლელთან შემონახულია ბარელიეფი (XV ს), რომელზეც ქართული ჭიდაობის მომენტია აღბეჭდილი. გვიანდელ ცნობებში, განსაკუთრებით XVII- XIX საუკუნეების წყაროებში, აღწერილია ქართული ჭიდაობის წესები, ცალკეულ ასპარეზობათა ფრაგმენტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხესი გავრცელებულ ჭიდაობათა ნაირსახეობა - რაჭული „ ღოჯური,“ მეგრული „ მოგორდია,“ იმერული „ საბეჭურით ჭიდაობა,“ სვანური „ ლიბრგიელ,“ მთიულური „ იღლიღორა,“ ხევსურული „ მოშ და მოშ,“ და სხვ.

ქართული ჭიდაობა ადრე ძირითადად იმართებოდა საქართველოს სოფლებში - საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრდა ქალაქებშიც: თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, თელავში. თბილისის თითქმის ყველა უბანს თავისი საჭიდაო ჰქონდა. საჭიდაო „კრუგები“ იყო მოწყობილი მთაწმინდაზე, ფიქრის გორაზე, ავლაბარში, დიდუბეში, ხუდადოვის ტყეში, სადაც საასპარეზოდ გამოდიოდნენ საქვეყნოთ ცნობილი ფალავნები: დათა ხიზამბარელი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, იოსებ ცერაძე, დათა ავლაბრელი, ვანო ქიზიყელი („ კამბეჩუა“), ალექსანდრე ეგნატაშვილი, ვანო მიდელაური, სანდრო კანდელაკი, ვანო აბულაშვილი, ირაკლი კახელი, შაშო და გიორგი ვერელები, კოლია ქვარიანი, გიორგი ჯიბგირი, მიხა ქურხული და სხვები.

წინათ სოფლად თუ ქალაქად ჭიდაობას „ჩოხების შემნახველი“ პატრონობდა . სწორად ის იყო შეჯიბრებების მომწყობი და მოთავე. მასვე ებარა საჭიდაო ჩოხებიც. „ ჩოხების შემნახველი“ ასწავლიდა ყმაწვილებს ქართული ჭიდაობის ფანდებს, უვლიდა და აწესრიგებდა სარბიელს . შეჯიბრება უმთავრესად უქმე დღეებში იმართებოდა. ჭიდაობას შუამავალიმსაჯი წარმართავდა. წრეში წესრიგის დასამყარებლად არჩევდნენ ახალგაზრდა ,ყოჩაღ ბიჭებს, რომლებიც მოქნილი სახრეებით ხელში გარს ურბენდნენ წრეს და წინ წამოწეულ მაყურებლებს უკან ახევინებდნენ. ასპარეზობას იწყებდნენ მოზარდები, რომლებსაც ჭაბუკები ცვლიდნენ და ბოლოს უკვე გამოცდილი, კარგად დაღვინებული ფალავნები გადმოდიოდნენ. ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის. აქ კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები, კისრულები და ორი დამხმარე - ბრუნები და ლოჯურები. თითოეული მათგანი უამრავ ფანდს შეიცავს. მუსიკალური აკომპანემენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია, ამასთან, მოჭიდავის მოძრაობები - მკლავშემართული მისვლა, მიხრა-მოხრა, ორტაბრძოლის ტემპი ზუსტად თან ხვდება მუსიკის რიტმს და ამიტომ ჭიდაობა ცეკვას ემსგავსება . ჭიდაობენ წელგამართულნი, ილეთები სრულდება სწრაფად , ელვისებურად. იკრძალება მტკივნეული და მახრჩობელა ფანდები,ფეხებში ხელის ჩავლება, წაქცეულ ან დაჩოქილ მეტოქეზე მისვლა, მისი ძალით წამოყენება, სარბიელიდან გაქცევა. ქართული ჭიდაობის ილეთები დამკვიდრებულია ჭიდაობის სხვა სახეობებში (ძიუდო, სამბო, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა)

საჭიდაო სარბიელია ნახერხმოყრილი მოედანი (მინიმალური დიამეტრი - 10 მ, ნახერხის სისქე - 20-30 სმ) ან ლეიბი (10X10 მ). მოჭიდავეს აცვია, მოკლე ჩოხა, ტრუსები, ბანდაჟი, რბილი ტყავისგან შეკერილი უძირო ფეხსაცმელი (უფლება აქვს, იწიდაოს ფეხშიშველმაც). ორთაბრძოლა იწყება და მთავრდება არბიტრის სასტვენის ხმაზე. წმინდა გამარჯვება მოჭიდავეს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მისი მოწინააღმდეგესარბიელს ორივე ბეჭით ერთდროულად შეეხება,ან ისე გადაგორდება, რომ სარბიელს შეეხება ორივე ბეჭით ერთმანეთის მიყოლებით. ქულებით იმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ილეთებით მეტ ქულას დააგროვებს.

    შედეგები