ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ალპინიზმი
სპორტის სახეობის აღწერა

კავკასიელი ხალხები, მათ შორის ქართველები ძველი დროიდან იცნობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს, ფართოდ იყენებდენ მთაში სიარულისთვის საჭირო ძირითად საჭურველს - წრიაპს, რკინის პალოებს, წერაყინს,ქანჩს, თოკსა და ჯაჭვს, საცოც ტყავებს და თხილამურებს. რკინის სატეხების გამოყენება დამოწმებულია წარმართული დროის თქმულების - „ მიჯაჭვული ამირანის“ სვანურ ვარიანტში. როცა იბერიელების, კოლხებისა და პენიოხების საზღრის გასწვრივ წამომართულ კავკასიონის მაღალ მთებს აღწერს, ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი (ძვ. წ. I ს.) აღნიშნავს, რომ ეს „მწვერვალები ზამთრობით გაუვალია, მხოლოდ ზაფხულობით ადიან ფეხებზე ლურსმნებით დაჭედილი, დამუშავებული ტყავით ამოკრულები. ხოლო ეს ტყავები სიფართოვით დაფის ოდენაა და ამას იკეთებენ თოვლისა და ყინულის გამო“  სულხან - საბა  ორბელიანის  „სიტყვის კონაში“ განმარტებული ბევრი სიტყვა დღევანდელ ალპინიზმში ადრინდელი მნიშვნელობით იხმარება. მაგალითად, წრიაპი - „ ესე არს რკინა შემზადებული კბილებიანი, ტერფთა ამოსაკრავად, რათა ფრიალოთა მავალსა კაცსა ფეხი არ მოუცურდეს.“ – „ წერაქი“, დღევანდელი წერაყინი, საბას განმარტებით, არის „ ცალგნით სათხროლი აქვნდეს კლდეთ დასარღვევად“ - იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ მოთხრობილია, თუ როგორ ავიდა მღვდელი იოსებ მოხევე მყინვარწვერზე. იოსებ მოხევეს „მყინვარსა მთასა მიწა, კაცთაგან შეუვალსა“ უნახავს აბრაამის კარავი, რომლის ნაჭერიც ერეკლე მეფისთვის მიურთმევია. მყინვარწვერის ფერდობზე, 4 100 მეტრის სიმაღლეზე, კლდეში ნაკვეთ ხელოვნურ გამოქვაბულში ნაპოვნია შუა საუკუნეების  ნივთები და მონეტები, ბრუტსაბძელაზე (3670 მ) – XVIII  საუკუნის საკულტო ძეგლები.

XIX  საუკუნის მერე ნახევარში საქართველოს პიკებზე (მყინვარწვერი, უშბა, თეთნულდი, შხარა და სხვ.)  ინგლისის , გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა  და სხვა ქვეყნების  ალპინისტების  მონაწილეობით  განხორციელდა პირველი სპორტული ასვლები. უცხოელ  მთასვლელებს გამყოლებად და მეგზურებად, როგორც წესი, ახლდენ ქართველები, რომლებმაც კარგად იცოდნენ  მთის პირობები და მთაში მოძრაობის ტექნიკა. ისტორიამ შემოგვინახა ზოგიერთი მათგანის სახელი:  მიტო არღვლიანი, მურათბი კიბოლანი,  კოტე  ფიცხელაური, ლალა ხუციშვილი.  უფრო გვიან ცნობილი გამყოლები იყვნენ გახა წიკლაური, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ლობჟანიძე, გიგლა იჭირაული, პავლე(ბახვა) ფიფია და სხვები.  1923 წლის აგვისტო-სექტემბერში  პროფესორების - გიორგი ნიკოლაძის და ალექსანდრე  დიდებულიძის  ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე.    გიორგი ნიკოლაძის 18-კაციანმა ჯგუფმა მწვერვალს 28 აგვისტოს მიაღწია. გამარჯვებულ  მთამსვლელთა შორის ხუთი ქალი იყო. „ეს მწვერვალია. მოწინავეებმა საფეხურების ჭრას თავი დაანებეს და პირდაპირ ზევით აირბინეს. მიზანი მიღწეულია. აღსრულდა მრავალი წლის ოცნება. მრავალი დღის შრომა და მზადება ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,“ - წერდა შემდეგ გიორგი ნიკოლაძე („პირველი ქართული ასვლა მყინვარწვერზე,“ თბილისი, 1924 წელი.). სწორედ ამ ასვლებიდან იღებს სათავეს  ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია. ორი წლის შემდეგ, ასევე გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით განხორციელდა პირველი საბჭოური ასვლა კავკასიონის უმაღლეს იალბუზზე. მომდევნო მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო უშბაზე და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, იაგორ კაზალიკაშვილისა და გიო ნიგურიანის ასვლა 1934 წელს, რამაც სათავე დაუდო საბჭოურ ასვლებს ამ მწვერვალზე. ამას მოჰყვა 1937 წელს უშბაზე პირველი კლდოვანი ასვლა, რომელშიც მონაწილეობდენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. მთასვლელებმა სათავე დაუდეს ტრავერსების კლასსაც. ისინი კავკასიონის , პამირისა თუ ტიან-შანის მთებში მრავალ მწვერვალზე პირველამსვლელები და ბევრი ახალი, ურთულესი მარშრუტის გამკვალავებიც არიან.  

1949 წლიდან ,როცა საფუძველი ჩაეყარა სსრ კავშირის ჩემპიონატებს, ქართველ მთამსვლელთა გუნდებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს. ყოფილა შემთხვევები, ქართველი ალპინისტების ერთდროულად რამდენიმე გუნდს მედლები მოუგია საკავშირო ჩემპიონატების სხვადასხვა კლასში. ამ მხრივ განსაკუთრებული გამოდგა 1976 წელი, როცა პამირსა და ტიან-შანში საქართველოს მთამსვლელთა ორმა გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის 1936 წელს  დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს, რომელიც 1945 წლიდან ალიოშა ჯაფარიძის სახელს ატარებს. 1936 წელს ალიოშა ჯაფარიძე  „პამირის გმირად“ აღიარეს;  1960 წელს „კლდის ვეფხვის“ წოდება მიენიჭათ მიხეილ ხერგიანსა და იოსებ კახიანს; 1967 წელს პირველი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები გახდნენ  მიხეილ ხერგიანი, გიორგი (აგი) აბაშიძე, დიმიტრი დანგაძე და შოთა მარიანაშვილი; „თოვლის ჯიქის „ წოდება მიენიჭათ რომა გიუტაშვილს ( პირველი ქართველი, რომელიც ევერსტზე ავიდა) , ბიძინა გუჯაბიძეს, აფი გიგანს, თამაზ შარაშენიძეს და ლევონ სარქისოვს; ევრაზიის მთამსვლელთა კავშირის ორდენით - „ ედელვაისით“  დაჯილდოვდნენ  ბენო ქაშაკაშვილი და ლევონ სარქისოვი. თანამედროვე ქართველმა ალპინისტებმა მსოფლიოს მრავალი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1999 წელს ორი ქართველი ჯგუფის ასვლა ევერესტზე სამხრეთისა (ხელმძღვანელი - ბენო ქაშაკაშვილი) და ჩრდილოეთის მხრიდან (ხელმძღვანელი - გია თორთლაძე),  ბიძინა გუჯაბიძის ორი ასვლა ევერსტზე - სამხრეთიდან (1999) და ჩრდილოეთიდან (2003)

    შედეგები