ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
დოკუმენტაცია
სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი

თანამედროვე მსოფლიოში სპორტი და სპორტის ინდუსტრია გლობალური მოვლენაა. სპორტს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში. სპორტი გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე, ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებასა და ადამიანთა ქცევაზე, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებაზე. სპორტს გააჩნია, როგორც აღმზრდელობითი და გამაჯანსაღებელი, ისე ეკონომიკური ფუნქცია. იგი ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. ამის ნათელი მაგალითია ოლიმპიური მოძრაობა და ევროპის სპორტის ქარტია, გაეროს მიერ სპორტის, როგორც მშვიდობისა და თანასწორობის საუკეთესო საშუალების გამოყენება კონფლიქტურ ზონებში. სახელმწიფო ვალდებულია, სპორტი ჩართოს საზოგადოების სამსახურში და უზრუნველყოს სპორტის გამაჯანსაღებელი და აღმზრდელობითი ფუნქციის მაქსიმალურად წარმატებით გამოყენება, ხელი შეუწყოს სპორტის, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტის, სწორ ინსტიტუციურ საწყისებზე დაფუძნებასა და სპორტის ინდუსტრიის პოზიტიურ გავლენას საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებაზე. უაღრესად მნიშვნელოვანია სპორტის, როგორც სამოქალაქო ერთიანობის ხელშეწყობისა და ინტეგრაციულ პროცესებში დადებითი როლის მატარებელი ფაქტორის გამოყენება; ეროვნული ნაკრებისა თუ ცალკეული სპორტსმენის წარმატება აერთიანებს განსხვავებული ეროვნების, სქესისა და აღმსარებლობის ადამიანებს და მათ ერთობის მძლავრ განცდას უჩენს. სპორტს ძალუძს, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში; სპორტს აქვს ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენისა და გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი პოტენციალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა რეგიონალური თვალსაზრისით, კავკასიის ხალხთა შორის ისტორიული პოტენციალის გამოყენება მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკის გატარების ხელშემწყობ პროცესებში. არსებული პრობლემების მოგვარებისა და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით შემუშავდება სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.

მიმაგრებული ფაილი 1