ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ახალი ამბები
ტყვიის სროლა: ნაკრები გუნდები აზერბაიჯანში

ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა მორიგი შეკრება დაიწყო ბაქოში - აზერბაიჯანში ეროვნული და ახალგაზრდული გუნდები წავიდნენ, რომლებსაც განსხვავებული მიზნები აქვთ.

უფროსები ევროპის II თამაშებისთვის ემზადებიან, რომელიც 22 ივნისს დაიწყება მინსკში. იქ საქართველოდან ოლიმპიური და მსოფლიოს ექვსგზის, ევროპის ცამეტგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე და ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამე პრიზიორი ცოტნე მაჭავარიანი გამოვლენ. მათთან ერთად შეკრებაზეა ლევან ქადაგიძეც, ვინც მინსკში მწვრთნელის როლში იქნება.

ახალგაზრდები ივლისში გერმანულ ზულში გასამართავი თანატოლთა დიდი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, ამ მიზნით კი ბაქოში ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე, მარიამ ქობულაშვილი და საფრანგეთის გრან პრის გამარჯვებული აკაკი მოსულიშვილი ივარჯიშებენ.

გუნდი ბაქოდან 16 ივნისს დაბრუნდება და მეორე დღესვე ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის თასის გათამაშებაში ჩაებმება.