ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ველოსპორტი
სპორტის სახეობის აღწერა

თბილისში პირველი ველოტრეკი 1892 წელს, ყიფილი დიდი მთავრის (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე აიგო. ამ საქმის ერთერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (1856 – 1927), რომელსაც დიდი თანხა გაუღია. 1893 წელს ტრეკი ვასილ ჯორჯაზეს გამოუსყიდია და ექვსთა ტურნირი მოუწყვია. პეტერბურგის ჟურნალ „ველოსიპედის“ მიხედვით, ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძეს გაუმარჯვია, თანაც - დიდი უპირატესობით. ამიტომაც არის რომ საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასილ ჯორჯაძეა აღიარებული. XX საუკუნის დასაწყისში სახელი გაითქვა ლადო კავსაძემ - პოპულარულმა ველოსიპედისტმა, მოჭიდავემ, საოპერო და საესტრადო მომღერალმა.

1907 წლის 18 მაისს თბილისის ველოტრეკზე გამართულ „გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში“ (ასე იუწყებოდა იმდროინდელი აფიშები) კავსაძემ რუსთა სახელოვან სპორტსმენს სერგეი უტოჩკინს აჯობა და ჯილდოთ 300 მანეთი მიიღო. ამის შემდეგ კავსაძე წარმატებით გამოდიოდა ილერის, ტილის, ხარკოვის და მოსკოვის ველოტურნირებში, პეტერბურგში კი, გარდა რუსებისა, დაუმარცხებია ინგლისელი, ამერიკელი და იტალიელი მრბოლელები. წარმატებული მრეწველების, ძმები ლგოტაკების შემწეობით 1916 წელს თბილისის ველოტრეკი საფუძვლიანად გადაკეთდა. ლგოტაკები, სხვა საქველმოქმედო საქმეებთან ერთად, ველოსპორტსაც დიდ ყურადღებას უთმობდნენ: აწყობდნენ შეჯიბრებებს, აწესებდენ პრიზებს, ფინანსურად ეხმარებოდნენ ხელმოკლე ველოსიპედისტებს. იმ პერიოდში წარმატებულ მრბოლელად ითვლებოდა საზღვარგარეთული ფირმა „დუქსას“ მექანიკოსი ნიკოლოზ გაბრიელოვი, რომელსაც არაერთი ცნობილი უცხოელი მეტოქე დაუმარცხებია.  1910 წლებში ველოსპორტი ქუთაისშიც გავრცელდა, რასაც ხელი შეუწყო ყოფლი მიხაილოვის ( ამჟამად ფალიაშვილის) ქუჩაზე ველოსიპედების საფირმო მაღაზიის გახსნამ. ამ მაღაზიის მეპატრონეს ვლადიმერ ტერკის თაოსნობით საღორიას ტყის მიდამოებსი ხშირად იმართებოდა ველოსიპედისტთა შეჯიბრებები. 1920 წელს ქუთაისის „შევარდენის“ ვარჯიშთავმა დათა ჯავრიშვილმა ჩამოაყალიბა ველოსიპედისტთა სექცია, „ უმთავრესად ყურადღება ქონდა მიქცეული სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. აგრეთვე  ველოსიპედელთა სექციის მიზანი იყო გაემართა შეჯიბრებები ურთიერთ შორის: ჩქარ სიარულზე, ნელ სიარულზე და ფიგურების კეთებაზე. დღემდის უმთავრესი ყურადღება მიქცეული ქონდა სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. საზოგადოებას ველოსიპედისტთა გუნდმა თავისი მოკლე ხნის ნამიშევარი, 9 მაისს, როდესაც იყო გამოსვლები ტან-სავარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“-ს. ახლო მომავალში მას მიზნად აქვს მოაწყოს შეჯიბრებები ველოსიპედელთა შორის და ექსკურსიები“ (ჟურნალი შევარდენი“. 1920 წელი, ქუთაისი).

ქართველთაგან პირველი გამარჯვებები მოიპოვა გიორგი ლეჟავამ, რომელმაც 1939-45 წლებში 4-ჯერ მოიგო სსრ კავშირის ჩემპიონატი სალიდერო რბოლაში. 40-50 წლებში  გამოირჩეოდნენ ავთანდილ გუნია, არკადი ხაბურზანია, ოთარ დადუნაშვილი, ვლადიმერ ძებნიაური, ედუარდ ჯიმშელეიშვილი. მათი გზა ღირსეულად გააგრძელა ქუთაისელმა სპრინტერმა ომარ ფხაკაძემ რომელმაც ერთბაშად დაიპყრო სპორტული სიმაღლეები, 1965 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფხაკაძე მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერს სპრინტერად ითვლებოდა. სხვადასხვა თაობის ველოსიპედისტთა შორის საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ შოთა კაცაძე, იგორ ვოლკოვი, ვლადიმერ პოპოვი, პეტრე ჩევარდოვი, ემზარ გელაშვილი, ოთარ მჭედლიშვილი, ჯონი ცივაძე და სხვ.

ველოსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლო ითამაშა 1972 წელს თბილისში აშენებულმა ცენტრალურმა ველოტრეკმა, რომელიც თავისი ტექნიკური მონაცემებით  უტოლდებოდა იმდროინდელ მსოფლიოს საუკეთესო ტრეკებს.

იმავე წლიდან რეგულარულად  იმართებოდა პოპულარული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ტელევიზიის პრიზზე,

თბილისში ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ველოსიპედისტები.   

    შედეგები
    ველოსპორტი - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, ლესტერი, დიდი ბრიტანეთი
    ემზარ გელაშვილი - მესამე ადგილი
    ველოსპორტი - ტრეკზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატი 1965, სან-სებასტიანი, ესპანეთი
    ომარ ფხაკაძე - პირველი ადგილი
    ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
    ომარ ფხაკაძე - მესამე ადგილი
    ველოსპორტი - ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მაინის ფრანფკფურტი, გფრ
    ომარ ფხაკაძე - მესამე ადგილი
    ველოსპორტი - ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი 1969, ბრნო, ჩეხოსლოვაკია
    ომარ ფხაკაძე - მეორე ადგილი