ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
წყალბურთი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში წყალბურთი XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს. პირველი შეჯიბრება 1927 წელს გაიმართა ბათუმში წყალჯომარდობის დღესასწაულის პროგრამით. იმ პერიოდში წყალბურთს ზღვის სანაპიროზე მოწყობილ წყალჯომარდობის სადგურებში თამაშობდნენ (ბათუმში, ფოთში, სოხუმში, მოგვიანებით - თბილისში). ამ სახეობის შემდგომი გავრცელება საცურაო აუზების მშენებლობას უკავშირდება. პირველი წყალბურთელები იყვნენ მოცურავეები, მათ შორის საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენები - პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია და პეტრე ბრეუსი. მშვენიერაძე მალე მოსკოვის "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი სსრკ ნაკრებში ჩაირიცხა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი წყალბურთელის სახელიც მოიპოვა.
სპორტის საწყლოსნო სახეობებმა თანდათან მოიპოვა პოპულარობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი მოცურავისა და მწვრთნელ-ორგანიზატორის, ლუკა იოაკიმიდის ღვაწლი საქართველოში ამ სახეობათა განვითარებაში. მისი თაოსნობით სპორტსაზოგადოება "დინამოში" გაიხსნა ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები. მოგვიანებით დინამოელმა წყალბურთელებმა თვალსაჩინო წარმატებები მოიპოვეს საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. თბილისის "დინამო" არაერთხელ იყო სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი, ცალკეული წყალბურთელები კი - დიდი ტურნირების მედალოსნები. პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის გამოირჩეოდა ნოდარ გვახარია. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა (1956, ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის (1958, ბრინჯაო) მედლები, პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1960). საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპულ და ოლიმპიურ სარბიელზე თავი გამოიჩინეს ლერი გოგოლაძემ, გივი ჩიქვანაიამ და მიხეილ გიორგაძემ, რომელიც 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
საქართველოს გუნდებმა პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს 1958 წელს თბილისში გდრ-ის მეორე ნაკრებთან. პირველ შეხვედრაში იმარჯვა თბილისის "დინამომ" (4:2), მეორეში თბილისის "ბურევესტნიკი" დამარცხდა (5:6), მესამე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (4:0). მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ იტალიის, ესპანეთის, გფრ-ის, იუგოსლავიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და კუბის ეროვნული გუნდები. ამ ტურნირებში ქართველმა წყალბურთელებმა 5-ჯერ დაიკავეს საპრიზო ადგილი. ამას გარდა, საქართველოს სახელით მოთამაშე თბილისის "დინამომ" სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის (1956, 63, 79) და 2-ჯერ (1959, 67) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1979 წელს მოპოვებული მეორე საპრიზო ადგილი, როცა ამ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც გამოდიოდნენ (იუგოსლავია, უნგრეთი, რუმინეთი). სხვადასხვა დროს დინამოელთა გუნდში გამოირჩეოდნენ ზურაბ ჩაჩავა, ბორის მეგედი, ვლადიმერ გოიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ვასილ სანაძე, ოთარ მიმინოშვილი, მურთაზ გულედანი, ვლადიმერ ისელიძე, ნოდარ კურტანიძე, დავით რურუა, გელა ტუკვაძე და სხვები.

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), კონსტანტინე ლაშხი (დღემდე).

    შედეგები
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1987, სტრასბურგი, საფრანგეთი
    მიხეილ გიორგაძე - პირველი ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1985, სოფია, ბულგარეთი
    მიხეილ გიორგაძე - პირველი ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1983, რომი, იტალია
    მიხეილ გიორგაძე - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    მიხეილ გიორგაძე - მესამე ადგილი
    საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ნოდარ გვახარია - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია
    ნოდარ გვახარია - მესამე ადგილი
    წყალბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1962, ლაიფციგი, გდრ
    ლერი გოგოლაძე - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    ლერი გოგოლაძე - მეორე ადგილი
    წყალბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1962, ლაიფციგი, გდრ
    გივი ჩიქვანაია - მეორე ადგილი
    ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა
    გივი ჩიქვანაია - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    გივი ჩიქვანაია - მეორე ადგილი