ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ფეხბურთი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ფეხბურთი, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ინგლისელებმა შემოიტანეს. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ჩამომდგარი ბრიტანული გემების მეზღვაურები ერთმანეთში ხშირად თამაშობდნენ “ფუტბოლს”, რომელიც მალე ქართველმა ლელობურთელებმაც დააჭაშნიკეს და სწრაფადაც შეითვისეს. ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის გაიმართა ჩვენში პირველი საფეხბურთო მატჩი, თუმცა ფაქტია, რომ სპორტის ეს სახეობა ქართულ პრესაში პირველად 1890 წელს მოიხსენიება.

ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მალე მისი განვითარების ცენტრად თბილისი იქცა. 1906 წელს სწორედ დედაქალაქში ჩამოყალიბდა “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” პირველი გუნდი. ამ საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” პრეზიდიუმის წევრი ადოლფ ელზინგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები. პირველ ხანებში ფეხბურთის მატჩებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა  მალე ვითარება შეიცვალა. 1907 წლის 23 თებერვალს თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის, “კომეტის” განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან “კომეტას” მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

1908-09 წლებში ფეხბურთელთა გუნდები შეიქმნა თბილისის სასწავლებლებში. 1909 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში ექსკურსიაზე მყოფმა თბილისის ვაჟთა I და II გიმნაზიების გუნდებმა საქართველოში პირველი ოფიციალური საჩვენებელი მატჩი გამართეს. შეხვედრა ხოპელ კაზაკთა პოლკის მოედანზე მოეწყო და მას ქუთაისის გუბერნატორიც კი ესწრებოდა. 1912 წელს ჩატარდა თბილისის პირველობა, რომელიც I გიმნაზიის გამარჯვებით დამთავრდა. ამავე ხანებში ათეულობით გუნდი ჩამოყალიბდა სოხუმში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის წლებში საფეხბურთო ცხოვრების რიტმი შესამჩნევად შეიცვალა, დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921) ასამდე გუნდი მაინც არსებობდა. იმ დროს ჩვენში ვერ შეიქმნა ერთიანი საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა ფიფას წევრი გამხდარიყო.

1924 წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ მუდმივი ადგილი არ ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. 1925 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით. ფინალში თბილისის ნაკრებმა აფხაზეთის ნაკრებს 3:1 მოუგო. იმავე წლის ნოემბერში შეიქმნა თბილისის “დინამო”, რომელიც 1936-89 წლებში ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა სსრკ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. პირველი მატჩი სსრკ უმაღლეს ლიგაში “დინამომ” 1936 წლის 7 სექტემბერს გამართა თბილისში კიევის “დინამოსთან” (2:2). იმ პირველ სეზონში ქართულმა გუნდმა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და თასის გათამაშების ფინალშიც გავიდა. ქართველ ფეხბურთელთა პირველმა თაობებმა ვერ შეძლეს საკავშირო ჩემპიონატში გამარჯვება და თასის მოგება, თუმცა “დინამო” ყოველთვის ითვლებოდა სსრკ ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ და თვითმყოფად გუნდად. სწორედ იმ დროს, მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდში, “დინამოში” თამაშობდა არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელი: ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე და სხვები.

პირველი დიდი წარმატება დინამოელებმა 1964 წელს იზეიმეს, როცა ტაშკენტში გამართულ “ოქროს მატჩში” 4:1 დაამარცხეს მოსკოვის “ტორპედო” და სსრკ ჩემპიონობა მოიპოვეს. იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო რუსი სპეციალისტი გავრილ კაჩალინი. მეორედ და უკანასკნელად “დინამომ” სსრკ ჩემპიონატი მოიგო 1978 წელს, როცა გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. სწორედ ახალკაცის თავკაცობით მოიპოვა ჩვენმა გუნდმა სხვა დიდი ჯილდოებიც: 1976 და 1979 წლებში – საბჭოთა კავშირის თასი, 1981 წლის 13 მაისს კი – ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამ ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა დიუსელდორფის “რაინშტადიონზე”, სადაც “დინამომ” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის “კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა.
საბჭოური დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები სსრკ ნაკრების ღირსებას იცავდნენ. სხვადასხვა დროს ამ გუნდის კაპიტნები იყვნენ მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე. მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ (1960), გელა კეტაშვილმა კი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა (1988).
თბილისის “დინამოს” გარდა, სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს კიდევ ოთხი ქართული გუნდი გამოდიოდა (თბილისის “ლოკომოტივი”, თბილისის “სპარტაკი”, ქუთაისის “ტორპედო” და ლანჩხუთის “გურია”), თუმცა დინამოელთა მსგავსი წარმატებისთვის მათგან არც ერთს არ მიუღწევია.

1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – ყველა ქართულ გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. იმავე წელს გაიმართა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი და თასის გათამაშება.
ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, 1992 წლის 25 თებერვალს, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ დროებით წევრად მიიღო, იმავე წლის 3 ივლისს კი მუდმივი წევრის სტატუსიც მიანიჭა. მალე სფფ უეფას წევრიც გახდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში გამოდის, საკლუბო გუნდები კი ევროთასების გათამაშებებში მონაწილეობენ.

ასობით ქართველი ფეხბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს. მათგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია კახა კალაძემ, რომელმაც 2003 წელს იტალიის “მილანის” შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1990 წლის 15 თებერვალს. 1992 წლის 25 თებერვლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) დროებითი წევრია, იმავე წლის 3 ივლისიდან – მუდმივი წევრი, 1993 წლის 17 ივნისიდან – ფეხბურთის ასოციაციების ევროპის კავშირის (UEFA) მუდმივი წევრი. პრეზიდენტები: ნოდარ ახალკაცი (1990-98), მერაბ ჟორდანია (1998-2005), ნოდარ ახალკაცი-უმცროსი (2005-2009), ზვიად სიჭინავა (2009-2015), ლევან კობიაშვილი (2015-დღემდე)

შედეგები
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
ვლადიმერ გუცაევი - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1972, ბელგია
გივი ნოდია - მეორე ადგილი
ფეხბურთი - ევროპის ჩემპონატი (ერთა თასი) 1960, საფრანგეთი
მიხეილ მესხი - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის ჩემპონატი (ერთა თასი) 1960, საფრანგეთი
სლავა მეტრეველი - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
რამაზ შენგელია - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
ნოდარ ხიზანიშვილი - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
შოთა ხინჩაგაშვილი - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1972, ბელგია
მურთაზ ხურცილავა - მეორე ადგილი
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
მურთაზ ხურცილავა - მესამე ადგილი
ფეხბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1972, ბელგია
რევაზ ძოძუაშვილი - მეორე ადგილი
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
რევაზ ძოძუაშვილი - მესამე ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
ზაურ სვანაძე - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1988, გფრ
თენგიზ სულაქველიძე - მეორე ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
თენგიზ სულაქველიძე - პირველი ადგილი
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
თენგიზ სულაქველიძე - მესამე ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
დავით ყიფიანი - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
ოთარ გაბელია - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის ჩემპონატი (ერთა თასი) 1960, საფრანგეთი
გივი ჩოხელი - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
ალექსანდრე ჩივაძე - პირველი ადგილი
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
ალექსანდრე ჩივაძე - მესამე ადგილი
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
რევაზ ჩელებაძე - მესამე ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
გიორგი თავაძე - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
თამაზ კოსტავა - პირველი ადგილი
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981
ნუგზარ (ნუკრი) კაკილაშვილი - პირველი ადგილი
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
გელა კეტაშვილი - პირველი ადგილი