ქართული სპორტის
სტატისტიკა
 
 
ხელბურთი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ხელბურთი უკრაინიდან შემოვიდა XX საუკუნის 20-იან წლებში. იმავე პერიოდში ქართულად ითარგმნა თამაშის წესები. სსრკ ხალხთა I სპარტაკიადაში (1928) მონაწილე ამიერკავკასიის ფედერაციის ნაკრები თითქმის მთლიანად ქართველი ხელბურთელებისგან შედგებოდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო ხელბურთის განვითარების ახალი ეტაპი. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით გიორგი შარაშიძეს, თამაზ ანთაძესა და ვლადიმერ არაქელოვს. 

1956 წლიდან თბილისის “ბურევესტნიკი” საბჭოთა კავშირის პირველობაში (11X11) ჩაება, 1962 წელს კი გაიმართა სსრკ I ჩემპიონატი შვიდკაცა ხელბურთში, რომელიც თბილისელებმა მოიგეს (უფროსი მწვრთნელი – გიორგი შარაშიძე). ორი წლის შემდეგ “ბურევესტნიკმა” კვლავ გაიმარჯვა ამ ასპარეზობაში, 1963, 1965 და 1966 წლებში კი პრიზიორი იყო. საქვეყნოდ გაითქვეს სახელი ჯემალ აბაიშვილმა, ჯემალ ცერცვაძემ, თამაზ ანთაძემ, ანზორ ექსეულიძემ, იმედო ფხაკაძემ, ლერი კარტოზიამ, ჯანო ბაგრატიონმა, გარი მაჭავარიანმა და სხვებმა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ხელბურთელები სსრკ ნაკრების შემადგენლობაში რეგულარულად მონაწილეობდნენ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში. ოლიმპიური თამაშებისა (1976) და მსოფლიოს (1982) ჩემპიონი გახდა ალექსანდრე ანპილოგოვი, მსოფლიო უნივერსიადაში (1968) გაიმარჯვეს იმედო ფხაკაძემ და ალექსანდრე ხუციშვილმა.

ხელბურთის გავრცელებას ხელი შეუწყო ხშირმა საერთაშორისო შეხვედრებმა და თბილისის პოპულარულმა ტურნირმა გაზეთ “ზარია ვოსტოკას” პრიზზე, რომელიც 1966 წლიდან ტარდებოდა ევროპის უძლიერესი ნაკრებების (იუგოსლავია, გდრ, გფრ, სსრკ, რუმინეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ჩეხოსლოვაკია, დანია, ნორვეგია, პოლონეთი) მონაწილეობით. ამ გუნდებს ტოლს არ უდებდა საქართველოს ნაკრები, რომელიც ბურევესტნიკელებისგან შედგებოდა. 1978 წელს თბილისის “ბურევესტნიკმა” (უფროსი მწვრთნელი – გარი მაჭავარიანი) სსრკ თასი მოიპოვა. ამ გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ახალი თაობის ხელბურთელებმა: ჯემალ ბარამიძემ, გიორგი მამულაშვილმა, ვახტანგ და გიორგი ბერიაშვილებმა, ზაზა დოლიძემ, ამბერკი ტაბიძემ, ზურაბ კეკელიძემ, იოსებ კალანდაძემ, იგორ და გიორგი ნარიმანიძეებმა, ამირან კომახიძემ, ჯიმშერ დვალიშვილმა და სხვებმა.

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადაში (1979) V ადგილის დაკავება იყო. ჩვენი ნაკრების 14 მოთამაშეს მაშინ სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა. 1992 წლიდან საქართველოს ეროვნული გუნდები დამოუკიდებლად მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში, ცალკეული გუნდები კი – ევროპის საკლუბო შეჯიბრებებში.

საქართველოს ხელბურთის ასოციაცია. დაფუძნდა 1990 წლის 5 ივნისს. 1991 წლიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (IHF) და ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) დროებითი, 1992 წლის აგვისტოდან – მუდმივი წევრია.პრეზიდენტები: ნიკოლოზ ცხაკაია (1990-96), თენგიზ გაზდელიანი (1996-2004), მამუკა სხიერელი (2004-?), ზურაბ კაკაბაძე (დღემდე).

შედეგები
ხელბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1978, დანია
ალექსანდრე ანპილოგოვი - მეორე ადგილი
ხელბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, გფრ
ალექსანდრე ანპილოგოვი - პირველი ადგილი
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
ალექსანდრე ანპილოგოვი - მეორე ადგილი
ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
ალექსანდრე ანპილოგოვი - პირველი ადგილი